"ბიჭვინთისთვის", "დუმილი დანაშულია!" - ამ სახელწოდებით ხვალ, 29 ივლისს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
ორგანიზატორების ცნობით, ხვალინდელ აქციაზე მთავრობას ეტყვიან, რომ იმ დროს, როცა ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშაულია.
"დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთს მფლობელობაში გადაეცემა.
ე.წ. შეთანხმება შედგა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის.
აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზეთის მოსახლეობაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივები თვლიან, რომ ეს არის ანექსია და რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების სამუდამოდ წართმევა.
7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის მითვისებაზე.
29 ივლისს, 19:00-ზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ვიკრიბებით, რათა საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია!" - ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთა" რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა.
ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.
დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.